საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რაოდენობა რამდენიმე ათასს ითვლის. ჩვენ გამოვარჩიეთ ძველი ქართული არქიტექტურის 4 ძეგლი და გადავწყვიტეთ მოგვეყოლა მათი ისტორია.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი

თუ გსურთ მთელი არსებით შეიგრძნოთ, თუ როგორი იყო საქართველოს ოქროს ხანა პირველი ქალი მეფის თამარის მმართველობის პერიოდში, ვარძიას უნდა ეწვიოთ.

ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი კომპლექსის საერთო ფართობი 40 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

რაც შეეხება ვარძიისათვის სახელის მინიჭების ისტორიას, მან ხალხური ლეგენდის სახით მოაღწია ჩვენამდე. გადმოცემის თანახმად, როდესაც თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, აქ ბიძას მოუყვანია მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასათვალიერებლად. საქართველოს მომავალი მონარქი თამაშისას დაკარგულა და როდესაც მას ბიძამ ძებნა დაუწყო, თამარი ასე გამოპასუხებია – „აქა ვარ, ძია!“ მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი სწორედ ამ შეძახილის მიხედვით დაარქვეს.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი 15 ეკლესიისაგან შედგება.

აქვე გვხვდება კლდეში გამოკვეთილი ასობით საცხროვრებელი, სადაც სავარაუდოდ სასულიერო პირებს ედოთ ბინა.

სამონასტრო კომპლექსი ისტორიის ძნელბედობის ჟამს გაუკაცრიელდა, მე-20 საუკუნიდან კი დაიწყო მისი რეკონსტრიქცია, შეიქმნა ვარძიის მუზეუმი და კომპლექსი დღესდღეისობით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციას წარმოადგენს.

ისიც უნდა დავამატოთ, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი 2007 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.

სვანური კოშკები

კირით ნაგები ბუმბერაზი კოშკები (რომელიც დღესდღეისობით შემოგვრჩა) მე-8-18 საუკუნეების ფარგლებში აიგო.

ისტორიულად ცნობილია, რომ ყველა საგვარეულოს ჰქონდა საკუთარი კოშკი.

ნაგებობა, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, რაც ნათლაც ჩანს მის დაგეგმარებაში.

თითოეული სვანური კოშკი სოფლის კოლექტიური თავდაცვის სისტემის ნაწილს წარმოადგენდა.

ცოტამ თუ იცის, რომ კოშკებს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციაც გააჩნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სვანეთი მაღალი სეისმურობით გამორჩეული რეგიონია, საჭირო იყო ისეთი ნაგებობების აშენება, რომლებიც მოულოდნელ მიწისძვრებს და მათგან გამოწვეულ ზვავსა და მეწყერს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

სვანური კოშკების უნიკალურობა არც საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩენიათ და სწორედ მათი მნიშვნელობის გამო, სვანეთის არა ერთ სოფელს მიენიჭა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ის, რომ სვანეთის საქართველოში ყველაზე პოპულარული ტურისტულ ლოკაციად ქცევაში უდიდესი წვლილი სწორედ სვანურ კოშკებს მიუძღვით, ვფიქრობთ, სრულიად აშკარაა.

მართლაც, მსოფლიოს მასშტაბით თითზე ჩამოსათვლელია ისეთი სიძველის, ისტორიისა და მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები, როგორიც სვანური კოშკებია და ეს ბევრ უცხოელსა თუ ქართველს უჩენს მოტივაციას მათ სანახავად გრძელი გზა განვლონ.

 

გელათის სამონასტრო ანსამბლი

თუ კი საქართველოში განმანათლებლობის ცენტრი ოდესმე არსებობდა ეს ნამდვილად გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო. ის მხოლოდ მცირედ ნაწილს წარმოადგენდა გელათის სამონასტრო ანსამბლისა.

ქუთაისის მიმდებარედ არსებული კომპლექსი მე-12 საუკუნის დასაწყისში აშენდა დავით აღმაშენებლის ბრძანებით.

გელათის ანსამბლი სამი ტაძრისაგან შედგება. მათ შორის ცენტრალურია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გუმბათოვანი ტაძარი.

გელათის არქიტექტურა არაერთგვაროვანია, რადგან დაარსების შემდეგ არაერთხელ ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, შესაბამისად მასში გაერთიანდა სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ელემენტები.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გელათის კომპლექსს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გელათის აკადემია სძენდა, სადაც მოღვაწეობდნენ ისეთი მოაზროვნენი, როგორებიც იყვნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.

ეს ორი პიროვნება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გონებრივი ძალისა, რომელიც გელათის აკადემიას ჰქონდა და რომლის წარმომადგენლებიც აქტიურად ეწეოდნენ მწერლობით – მთარგმნელობით და საგანმანათლებლო საქმიანობას.

გელათის აკადემიას უძლიერესი ფილოსოფიის სკოლა ჰყავდა, რომელიც ქმნიდა როგორც ორიგინალურ ტექსტებს, ასევე ქართულ ენაზე თარგმნიდა ანტიკური ბერძენი მოაზროვნეების ნაშრომებს.

ეს შეიძლება ითქვას, მცირე მასშტაბებზე გათვლილი, თუმცა მაინც ერთგვარი რენესანსი იყო საქართველოს ისტორიაში. ცხადია, დროის სვლამ არც გელათის დიდება დატოვა ხელშეუხებელი და მას გარკვეული დაღიც დაასვა.

თუმცა, თუ გნებავთ იხილოთ ერთი მხრივ ბერძნული სტოას ტიპის სვეტები, ხოლო მეორე მხრივ აღმოსავლური გავლენით შექმნილ გუმბათები, სწორედ გელათის სამონასტრო კომპლექსი უნდა ინახულოთ.

ისინი იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს და ერთ დროს მდგარი აღმავლობის აჩრდილს გაქრობის საშუალებას არ აძლევენ, 

ნარიყალას ციხე

თბილისის და განსაკუთრებით ქალაქის ძველი ნაწილის არქიტექტურაზე ამომწურავად საუბარს ერთი დამოუკიდებელი სტატიაც არ ეყოფა, არა თუ ერთი აბზაცი.

თუმცა ქართული ისტორიული არქიტექტურის დიდ ოთხეულში თბილისის რომელიმე წარმომადგენელი რომ არ შეგვეყვანა სულაც არ გამოვიდოდა სამართლიანი.

ჩვენც არჩევანი ნარიყალას ციხეზე შევაჩერეთ, ნაგებობაზე, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ქვების თანმიმდევრული წყობა – ის თბილისის სიმბოლოს წარმოადგენს.

ციხესიმაგრის კედლები სხვადასხვა პერიოდით თარიღდება დაწყებული მეოთხე საუკუნიდან. ნარიყალა გალავნის ორი წყებისგან შდგება, რომელიც ციცაბო კლდეზე მდებარეობს, გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის.

ციხესიმაგრიდან ხელის გულივით მოსჩანს მთელი ქალაქი, რაც არცაა გასაკვირი თუ მისი, როგორც ქალაქის მთავარი საბრძოლო-სტრატეგიული ობიექტის ფუნქციას გავიხსენებთ.

ნარიყალის ციხე და მისი რეკონსტრუქციები თავის თავში ინახავენ თითოეულ დარტყმას, რომელიც თბილისის მთავარ გალავანს ოდესმე მიუღია.

ნარიყალას ციხესიმაგრის შიგნითა ტერიტორია მე-17 საუკუნემდე მეფის სასახლეს ეკავა.

მტკიცე კედლებითა და ბასტიონებით გამაგრებული ნაგებობა თბილისს მტრისათვის რთულ ასაღებ ობიექტად აქცევდა და შესაბამისად, ქალაქის აღება ძალიან ცოტამ თუ შეძლო.

ახლა, როდესაც ბრძოლის ცეცხლი განელებულია და აგერ უკვე 21-ე საუკუნის პირველ ოცწლეულს ვასრულებთ, ნარიყალას ქალაქის ერთგული დარაჯის ფუნქცია დაკარგული აქვს.

მიუხედავად ამისა, ის დღემდე რჩება თბილისის სიმბოლოდ და ქალაქის ზედხედის დასათვალიერებლად საუკეთესო გადმოსახედს წარმოადგენს.

ზემოთ მოყოლილი ისტორიები ისეთია, რომ თხრობას სიტყვებით „სულ ეს იყო“ ნამდვილად ვერ დავამთავრებთ. ეს, ხომ მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ უნიკალური მემკვიდრეობისა ქართული ისტორიული არქიტექტურა რომ ჰქვია.

წარსულს აწმყოსთან კავშირს ყველაზე მეტად სწორედ შენობები უნარჩუნებდნენ, ხოლო ჩვენი მხრიდან თითოეული მათგანის ისტორიების ცოდნა სწორედ წარსულთან ბმის წერტილების გამყარებაა !..

წინა ბლოგი – რატომ უნდა შევიძინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

Facebook Instagram