ნებისმიერი დიასახლისისათვის ყოველი სადილის დასრულება დასვრილი ჭურჭლის უზარმაზარ მთასთან შეჭიდებას უკავშირდება. მართლაც, რა უნდა იყოს დღის განმავლობაში ისედაც დამღლელი ფუსფუსის პარალელურად საათობით ნიჟარასთან დგომაზე საძულველი? თუკი ეს შეგრძნება თქვენთვის ნაცნობია, მაშინ დარწმუნებულები ვართ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ შეგეძინათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
თუმცა, ცხადია ასეთ რამეს მყისიერად ვერ იყიდი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანები იაფი ტექნიკის კატეგორიას სულაც არ მიეკუთვნება. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად კი პროდუქტის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღებაა საჭირო.
ალბათ იფიქრებთ, რომ ამ უკანასკნელს ტექნიკის მაღაზიაშიც მიიღებთ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ კონსულტანტები პროდუქტის გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი, შესაბამისად მათგან მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება სულაც არ იყოს გულწრფელი.
ჩვენს მიზანს ჭუჭლის სარეცხი მანქანების დადებითი და უარყოფითი მხარეების ობიექტური შეფასება წარმოადგენს, რაც ბევრად გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას. დარწმუნებულები ვართ, რომ სტატიის ჩაკითხვის შემდეგ უკვე ზუსტად გეცოდინებათ პასუხი კითხვაზე – „უნდა შევიძინოთ თუ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანა?“
მაშ ასე, დავიწყოთ:
დროის ფაქტორი
როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, დროის ფაქტორს ორი გადმოსახედიდან შეგვიძლია შევხედოთ.
დადებითი მხარე ისაა, რომ როდესაც ამ ტექნიკას თქვენს სამზარეულოში მიუჩენთ ადგილს, ჭურჭლის რეცხვა ფაქტობრივად აღარ მოგიწევთ. ერთადერთი, რაც გევალებათ სარეცხ მანქანაში ჭურჭლის მოთავსება და დღის ბოლოს მისი ჩართვაა.
გარეცხვით დაწყებული გამშრალებით დამთავრებული ყველაფერს მანქანა მიხედავს, სანამ თქვენ გამოთავისუფლებული დროის განმავლობაში რაიმე სასიამოვნო აქტივობით დაკავდებით.
დროსთან დაკავშირებული უარყოფითი მხარეს მანქანის რეცხვის დრო წარმოადგენს, რომელიც 2-დან 3 საათამდე მერყეობს. დიახ, არ მოგესმათ!
ასე რომ, თუ თქვენი გასარეცხი ჭურჭელი მომდევნო 2-3 საათის განმავლობაში დაგჭირდებათ, მისი სარეცხი მანქანით გარეცხვა სულაც არ იქნება ეფექტური, რადგან უბრალოდ ვერ მოესწრება.
წყალი და ელექტროენერგია
როდესაც ოჯახში ახალი ტექნიკის შეძენა განიხილება, მისგან მოტანილი დამატებითი კომუნალური გადასახადები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ცხადია გაგიჩნდებათ კითხვა, რამდენად მკვეთრად დაემჩნევა თქვენს გადასახადებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოხმარება, ის ხომ წყალს და ელექტროენერგიას ერთდროულად იყენებს?
კვლევამ აჩვენა, რომ ერთი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით წლის განმავლობაში დაახლოებით 19 ათასი ლიტრი წყალი იზოგება.
შედეგის ხარისხიანობა
თუკი ხელით გარეცხილ ჭურჭელს მანქანით გარეცხილს შევადარებთ ვნახავთ, რომ უმეტეს შემთვხვევაში მანქანის ნამუშევარი ჯობს.
ეს უკანასკნელი ისეთ ტემპერატურაზე რეცხავს ჭურჭელს, რომელსაც ხელით უბრალოდ შეუძლებელია გაუძლოთ. შედეგად კი ვიღებთ დეზინფექცირებულ თეფშებს და ბზინვარე დანა-ჩანგალს.
თუმცა, სარეცხ მანქანას ერთი მნიშვნელოვანი მინუსი აქვს – ის ყველანაირ ჭურჭელს ვერ უმკლავდება. მაგალითაც, შეიძლება ვერ გააკრიალოს ძალიან ცხიმიანი ტაფა, ან ჯამი, რომელზეც საჭმლის ნარჩენებია მიკრული.
ასეთ შემთხვევებში ისევ სახეხი ღრუბლით შეიარაღება მოგიწევთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სარეცხმა მანქანამ შეიძლება დააზიანოს ესა თუ ის ჭურჭელი თუ ის სპეციფიკური მასალისგანაა დამზადებული, მაგალითად ხისგან, პლასტმასისგან (მაღალი ტემპერატურის გამო) ან ფაიფურისგან.
ასე რომ, თუ სარეცხ მანქანას შეიძენთ ფრთხილად გადაარჩიეთ ჭურჭელი მასალისა და „გასარეცხადობის“ ხარისხის მიხედვით.
სარეცხი საშუალება
ჭურჭლის სარეცხი მანქანისათვის ჩვეულებრივ სარეცხ საშუალებას ვერ იხმართ. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც მხოლოდ სარეცხი მანქანებისათვის მზადდება.
ისინი ორი ტიპისაა – მყარი და თხევადი. თხევადი სარეცხი საშუალება ჩვეულებრივი ჟელესაგან დიდად არ განსხვავდება. მყარი კი პატარა საპონს მოგვაგონებს.
მანქანის ჩართვამდე მას სპეციალურ ადგილას ვათავსებთ, ვკეტავთ და მანქანას ვრთავთ.
პირველადი გავლების შემდეგ, მანქანა მყარ სარეცხ საშუალებას მისი სათავსოდან წყლის ნაკადში აგდებს, სადაც ის იხსნება.
მანქანისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები ჩვეულებრივზე ძვირია და მასიურად არ იყიდება მაღაზიებში, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია.
მორგება ინტერიერის დიზაინთან
თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებზე ჩამოყალიბდით და ყიდვა გადაწყვიტეთ, მაშინ ეს პუნქტიც დაგაინტერესებთ.
ბუნებრივია თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკა იდეალურად ეხამებოდეს იმ ოთახის ინტერიერს, რომელშიც მას მოათავსებთ.
როდესაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე ვსაბრობთ, მისი განთავსებისათვის იდეალურ ადგილს სამზარეულოში ნიჟარასთან მაქსიმალურად ახლო ლოკაცია წარმოადგენს, რაგდან ჭურჭლის გავლება და მანქანაში მოთავსება მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოთ.
თუ ღელავთ, რომ მანქანის დადგმა თქვენი საყვარელი სამზარეულოს იდილიას დაარღვევს, არც ეს არის პრობლემა. არსებობს ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანები, რომლებიც სამზარეულოს კარადებში მონტაჟდება და გარეგნულად რიგითი სათავსოსგან ვერც კი გაარჩევთ.
ჩვენ სწორედ ასეთი ვარიანტის შეძენას გირჩევდით, რადგან დღესდღეისობით უფრო ტრენდულად ითვლება, როდესაც ტექნიკა ჰარმონიულადაა შერწყმული საერთო ინტერიერთან.
თუმცა, თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სარეცხი მანქანაც შეიძინოთ, რომელიც იქნება ვერცხლისფერი, ან თეთრი, პრიალა ზედაპირით, მოკლედ „ტექნიკისფერი“ და ის განათავსოთ სასურველ ადგილას.
ამ უკანასკნელს ჩასაშენებელთან შედარებით ის პლიუსი აქვს, რომ უფრო მობილურია და საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შეუცვლით ლოკაციას.
მგონი სულ ეს არის. ახლა უკვე დანამდვილებით გეცოდინებათ, უნდა იყოს თუ არა ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენს სამზარეულოში.
საბოლოო გადაწყვეტიება თქვენზეა, მაგრამ ჩვენ თუ გვკითხავთ სარეცხი მანქანის დადებითი თვისებები უარყოფითებს მნიშვნელოვნად წონის – მისი შეძენა ხომ კომFORTISკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია!
დროებით!
წინა ბლოგი – ძველი ნივთები, რომლებიც რეტრო ინტერიერში შეიძლება გამოიყენოთ