თანამედროვე ადამიანები ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მიმდინარე ცხოვრების სტილს, მაგრამ ზოგჯერ ურბანული ტემპის შენარჩუნება გაუსაძლისი ხდება. ამიტომ, გვიჩნდება სურვილი, გვქონდეს ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც  დროებით მაინც დავივიწყებთ ხმაურს და ყველგან მყოფ რკინის კონსტრუქციებს. ფერმის ინტერიერი კი საუკეთესო არჩევანია თუ ბუნებასთან სიახლოვე გსურთ და ამავდროულად, კომფორტული, მყუდრო საცხოვრებელი სივრცის შექმნას გეგმავთ. ამ სტატიაში სწორედ აღნიშნული დიზაინის მახასიათებლების შესახებ წარმოგიდგენთ ინფორმაციას.

ნატურალური მასალები

მთავარი ელემენტი, რომელიც ფერმის სტილის ინტერიერს განსაკუთრებულს ხდის გახლავთ ხე. ის იდეალური არჩევანია თუ გსურთ, რომ სივრცეს ბუნებრივი და უბრალო ელფერი შემატოთ. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სახლებში ხეს ვხვდებით არამხოლოდ იატაკში, ასევე კედლებსა და ჭერზე (სვეტების სახით). თანაც, რადგანაც ხის ზედაპირს ძალიან უხდება სიძველე, დროსთან ერთად თქვენი ინტერიერი უფრო და უფრო საუცხოო იერს შეიძენს.

მართალია ვთქვით, რომ ხე უნდა დომინირებდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდული ხართ და სხვა მასალის გამოყენება არ შეიძლება. პირიქით, ფერმის ინტერიერში ხშირად იყენებენ ქვას, აგურს, ბეტონს, ასევე მეტალებს (აქსესუარების სახით), რათა დააბალანსონ და სრულყოფილი სახე მიანიჭონ სივრცეს. უბრალოდ გახსოვდეთ: ამ სტილისთვის ნიშანდობლივია, რომ მასალას, რომელსაც გამოიყენებთ, ჰქონდეს ეგრეთ წოდებული “დაუსრულებელი”, ბოლომდე დაუმუშავებელის შესახედაობა.

ფერები და განათება

ზოგადად, აღნიშნულ ინტერიერში რეკომენდირებულია ნეიტრალური ფერთა პალიტრის გამოყენება. თუმცა, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნეიტრალური ფერთა პალიტრა მხოლოდ თეთრს, კრემისფერს ან ჩალისფერს გულისხმობს. რეალურად, ის შეიძლება მოიცავდეს მწვანე, ლურჯი და წითელი ფერების ტონალობებსაც. მთავარია, რომ ოთახში წარმოდგენილი ფერები ჰარმონიულად ეწყობოდნენ ერთმანეთს და ქმნიდნენ იმ უბრალო ესთეტიკას, რაც ასე განსაკუთრებულს ხდის ფერმის სტილს.

ასევე, აუცილებელია ვახსენოთ განათება. რადგანაც იგი ინტერიერიში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას ემსახურება, მნიშვნელოვანია, რომ თბილი განათება გამოიყენოთ. ეფექტის გასამძაფრებლად მისაღებია ძველებური ჭაღების, შანდლების განთავსებაც. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს მზის შუქიც. უბრალოდ, ტრადიციული ფერმის დიზაინის შემთხვევაში, მოერიდეთ  თანამედროვე სტილის ფანჯრების ან სრიალა კარების გამოყენებას, რათა ბუნებრივი ემოცია შეინარჩუნოთ.

ქსოვილები

რაც შეეხება ქსოვილებს, ამ ტიპის სახლებში აქტიურად იყენებენ ნატურალურ მატერიებს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ბუნებრივი ესთეტიკის განცდას. მრავალფეროვნებისთვის ხშირად სხვადასხვა სახის ქსოვილები ერთმანეთის გვერდითაც გვხვდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დიზაინის მთელი ხიბლი სიმარტივეში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ზომიერების დაცვა. მაგალითად, იატაკი რომ არ გადავტვირთოთ, საკმარისია ერთი ნაქსოვი ხალიჩა, ან ხელოვნური ბეწვი, რაც თბილი და მყუდრო აურის გარანტია იქნება. გახსოვდეთ, რომ სწორად მოწყობილი ფერმის ინტერიერი უხეშ ბუნებრიობასა და კომფორტს შორის პოულობს ბალანსს.

ავეჯი

ფერმის ინტერიერში ავეჯი ხშირად გადამუშავებული და აღდგენილი მასალებისგანაა დამზადებული. ტრადიციული, ან თანამედროვე ავეჯისგან განსხვავებით, ამ სტილს არ აქვს განსაზღვრული, პროგნოზირებადი მოხაზულობა და ფორმა.  ხის და ქვის გარდა, სივრცის დასამშვენებლად იყენებენ ავეჯს, რომელიც შეიცავს ბამბუკს, როტანგს, ბამბას, შალს, თიხას და სხვადასხვა ტიპის მეტალებს.

გარდა ამისა, ადვილი მისახვედრია, რომ ასეთ სახლებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტი ბუხარი გახლავთ. სწორედ ის ქმნის მისაღებ ოთახში ფოკალურ წერტილს, რომლის გარშემოც დანარჩენი ნივთები უნდა განთავსდეს. აღსანიშნავია, რომ ბუხრის გვერდით ხშირად  ვხვდებით “მოშიშვლებულ”, დაუმუშავებელ კედლებს. ამგვარად, ინტერიერში ერთიანდება  ბუნების ელემენტები – ცეცხლი, ქვა და ხე, რაც  კიდევ უფრო ალამაზებს და აბალანსებს ოთახს.

აქსესუარები

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ზოგადად, ინტერიერში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს. მით უმეტეს, რადგანაც ფერმის დიზაინში უმეტესად ნედლი, დაუმუშავებელი მასალები გამოიყენება, ინდივიდუალურობის გამოსახატად ძირითადი დატვირთვა აქსესუარებზე მოდის.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აქსესუარებში მისაღებია ცოცხალი, კაშკაშა ფერების გამოყენება. ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს. ოთახში შეგიძლიათ განათავსოთ ნახატები, კოლექციები, საგვარეულო ან უბრალოდ ვინტაჟური ნივთები. ისინი დაგეხმარებათ, რომ განსხვავებული მატერიებით, ფორმებითა და ფერებით კონტრასტული გარემო შექმნათ.

ასევე, ფერმის სტილს განსაკუთრებით უხდება ხელით შესრულებული სამუშაო. მაგალითად: ნაქარგი ტილოები, მოხატული ბალიშები, ქვილთის ტექნიკით შესრულებული პლედები (პატარ-პატარა ნაჭრებით დიდი კომპოზიციის შექმნა), ნაქსოვი/დაწნული ხალიჩები და ა.შ

თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ამ ინტერიერის მთავარი მიზანი ხასიათის შექმნაა, ხასიათი და შარმი კი ერთ დღეში არ იქმნება. ამიტომ, ნუ იჩქარებთ დეკორაციების შეძენას და ეცადეთ, თითოეულ ნივთს, რომელსაც განათავსებთ, თავისი მნიშვნელობა და ისტორია ჰქონდეს.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ფერმის სტილი განსაკუთრებით ხიბლავს ადამიანთა იმ კატეგორიას, ვინც ფსიქოლოგიურად სიმშვიდისა და სიმყუდროვისკენ ისწრაფვის. მათ ნაკლებად იზიდავთ ქაოსური თანამედროვე ცხოვრების ტემპი და ცდილობენ, ორგანული მასალების გამოყენებით შექმნან მშვიდი საცხოვრებელი სივრცე. მეორე მხრივ, ეს შეიძლება წარსულის ნოსტალგიით ან უბრალოდ, ბუნებასთან სიახლოვის ქვეცნობიერი სურვილით იყოს განპირობებული.