“ხელოვანი განსაკუთრებული სახის ადამიანი არაა, არამედ ყოველი ადამიანია განსაკუთრებული სახის ხელოვანი“ – ანანდა კუმარასვამი
იმისათვის, რომ „ბოჰემული სტილის“, იგივე „ბოჰოს“, კონცეფციას ბოლომდე ჩავწვდეთ, საჭიროა გავიგოთ თუ რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა. ის ფრანგული ტერმინიდან – “La Boheme” – მომდინარეობს, რომელიც ბოშას ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ ეს სტილიც პირველად მათ კულტურაში ჩაისახა, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ის მართლაც ატარებს ბოშების კულტურისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა მახასიათებელს. თუმცა, დღესდღეობით ამ ტერმინით სულაც არ აღწერენ ბოშების სტილს, არამედ მეცხრამეტე საუკუნის ხელოვანი ადამიანების არასტანდარტულ ცხოვრებას. ალბათ იმიტომ, რომ ბოშების მსგავსად არტისტებიც ცხოვრების თავისუფალ წესს მისდევენ.
ბოჰო ამ ადამიანების არტისტულ და არასტანდარტულ ცხოვრებას, უნიკალური ნივთების, ფორმებისა და ფერების შერწყმით, თავის თავში შესანიშნავად ირეკლავს. ამ სტილის ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელი არაერთფეროვნებაა. მოგეხსენებათ ხელოვან ადამიანებს ერთფეროვნების ატანა არ აქვთ და ყოველთვის ცხოვრების მრავალი ფერის შეზავებას ცდილობენ. ამის გადმოსაცემად, ბოჰო ფორმების, მასალებისა და ფერების უნიკალურ კომბინაციებს იყენებს.
თუ თქვენ დეკორაციის არაპროგნოზირებადი, თავისუფალი, უჩვეულო და ნათელი კომბინაციები გიზიდავთ, მაშინ ეს სტილი თქვენთვისაა. ბოჰო მეტი არაფერია თუ არა თქვენი უნიკალური არტისტული პიროვნების ანარეკლი თქვენი სახლის დიზაინში. ექსპერტების მიხედვით, ბოჰემური ინტერიერი იდეალურია მათთვის ვისაც სურს, რომ მათი ბინა ცოცხალი და საინტერესო იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმჯობესია იდეალური წესრიგის მოყვარული ადამიანები ამ სტილს გაერიდონ.
ახლა კი გავიგოთ, თუ რომელ საინტერესო ელემენტებს მოიცავს ბოჰემური სტილი და როგორც მოვაწყოთ ჩვენი საკუთარი არტისტული სამოთხე.
მარტივი საძირკველი და ფერები
მყარი საძირკველის შესაქმნელად, დაიწყეთ მარტივი საბაზისო ფერით, რომელიც თქვენს ყველა ბოჰემური სტილის ოთახს მოედება. ისეთი თბილი და ბუნებრივი ტონალობები, როგორებიცაა მუქი ყავისფერი, მწვანე და ნაცრისფერი, იდეალური არჩევანია. ნათელი საბაზისო ფერის არჩევა არ არის რეკომენდირებული, რადგან უმეტესწილად ქაოტური ბაზისი მარტივად მოსაბეზრებელი და ბანალურია, თუმცა ესეც ადამიანზეა დამოკიდებული.
ნეიტრალური ფერი შესანიშნავი საძირკველია შემდგომ ექსპრესიული ფერებისა და ფორმების იდეალური მიქსის დასაშენებლად. თქვენი ფერების, ფაქტურისა და ფორმების მიქსის ძიებისას იყავით აბსოლუტურად თავისუფალნი და არ შეგეშინდეთ ისეთი სტილების გამოყენების, რომლებიც ჩვეულებრივ ერთმანეთს არ ეხამება.
შეღებილი ქსოვილები და ეგზოტიკური ფორმები – მაგალითად: „იკატი“ კამბოჯადან და „სუზანი“ ცენტრალური აზიიდან – მხიარული და ეგზოტიკური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ, ასე რომ მათი გამოყენებისას არ შეზღუდოთ თავი.
თეთრი ფერის გამოყენებისას კი უფრო თავშეკავებულნი უნდა იყოთ. ის შეგიძლიათ სტრატეგიულ ადგილებში განათავსოთ, ოთახში ოდნავი ვიზუალური სივრცის შემოსატანად.
მცენარეები
მცენარეები იდეალურად ერწყმიან ბოჰემურ სტილს, რადგან მათი მეშვეობით თქვენ მარტივად და იაფად შეგიძლიათ ოთახს სიმყუდროვე და მოცულობა შემატოთ. ჰაერის გაწმენდასთან ერთად, მცენარეები თქვენს ინტერიერს, სხვა დეკორაციებთან მინიმალური ინტერფერირებით, ახალ ფერებს შესძენენ.
მცენარეების კედლებზე დაკიდვაც შესანიშნავი დანამატია, რომელიც ოთახს სიღრმის შეგრძნებას შემატებს და უფრო საინტერესოსაც გახდის. არ არსებობს მცენარეებით გადავსებულ ცოცხალ კედელზე უკეთესი რამ, რაც თქვენს ოთახს მეტად გამოაცოცხლებს.
სხვადასხვა პატარა ზომის მცენარეების დამატება ზედ თქვენს სხვა ნივთებზეც შეგიძლიათ. სუკულენტი ამისთვის იდეალური მცენარეა. ნებისმიერ ნივთს, რომელსაც მცირე სიღრმისეული ელემენტი მაინც გააჩნია, შეგიძლიათ ეს სიცარიელე მცენარით შეუვსოთ.
რატომ შემოვიფარგლოთ, მხოლოდ კედლებითა და ნივთებით? მცენარეები თავიანთი ქოთნებით შეგიძლიათ ბაწრების მეშვეობით ჭერზეც დაკიდოთ. ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია, თქვენ მხოლოდ ბაწრების ჭერზე მყარად მიმაგრება და ბაწრებით ქოთნის დაფიქსირება მოგიწევთ.
ფორმების თამაში
მსგავსი ფორმების ფენებად განლაგება ბოჰემური სტილის დაუფლების ყველაზე ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი მეთოდია, რომელიც დეკადენტურ ნოტას ნებისმიერ სივრცეს შემატებს. ორნამენტებიანი ხალიჩების შეხამებიდან დაწყებული, ფერადი ბალიშებითა და პლედებით დასრულებული, ინტერიერში განსხვავებული ფორმების ინექცია ბოჰოს მთავარი ელემენტია.
გაითვალისწინეთ, რომ დეკორაციებს შორის კავშირის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ოთახს ერთი საბაზისო ფერი დაკრავდეს. აირჩიეთ ისეთი ფერები, რომლებიც მალე არ მოგბეზრდებათ და რომლებიც თქვენს ყველა სხვა ელემენტს შეეფერება.
ალბათ გაგიგიათ „2/3-ის წესის“ შესახებ. ეს წესი გვეუბნება, რომ თუ ფორმების 2/3 ნაწილი ერთმანეთს ზომებში ემთხვევა და დარჩენილი 1/3 ოდნავ განსხვავებული ზომისაა, მაშინ თქვენ სასიამოვნო კომპოზიციას მიიღებთ.
თუ უფრო ეგზოტიკური ფორმები გსურთ, გამოიყენეთ ფორმები სხვადასხვა კულტურიდან. მაგალითად კამბოჯური „იკატი“ ან სხვადასხვა მოროკოული ორნამენტები.
„იკატი“ (Ikat) უნიკალური უსწორმასწორო დაბოლოებების მქონე ფორმაა, რომელიც ქსოვილის ანტიკური ტექნიკით შეღებვითა და დაწნით მიიღება. მისი გაკეთების მთავარი საიდუმლო ეგრეთ წოდებული ველური აბრეშუმის მანამდე შეღებვაა, სანამ საქსოვ დაზგაში ჩავდებთ.
მოროკოული სტილის ელემენტები კი თითქმის ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს. ის არ ერიდება დრამატული ფერებისა და ფორმების გამოყენებას. პირიქით ეს მისი ერთ-ერთი მახასიათებელია. ამ სტილის ორნამენტები დიდწილად გეომეტრიული და სქემატურია და ამიტომ შესანიშნავია ბალიშების, ხალიჩებისა და ფარდების მოსართავად.
დაბალი ავეჯი
ჩვეულებრივ, ბოჰემური ავეჯი ქსელურ მაღაზიებში არ მოიპოვება. ამ სტილის ოთახები, უმეტესწილად, ისტორიის მქონე მეორეული და ვინტაჟური ავეჯებითაა სავსე. მიაკითხეთ თქვენს ადგილობრივ ვინტაჟურ მაღაზიას და ინდივიდუალურად აარჩიეთ ყოველი ავეჯი, მხოლოდ კომფორტული ავეჯი.
ბალიშები გულუხვად გამოიყენეთ. ეს თქვენს ოთახს კიდევ უფრო მყუდროსა და კომფორტულს გახდის. ეს კი ბოჰემური სტილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სტილის ოთახი არა მხოლოდ შესვლის სურვილს, არამედ დარჩენის სურვილსაც უნდა აღძრავდეს.
ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო ახლოს იქნებით იატაკთან, მით უფრო მიუახლოვდებით ავთენტურ ბოჰემურ სტილს, ამიტომ შეეცადეთ დაბალ ავეჯს მიანიჭოთ უპირატესობა.
თუ კი იატაკზე დასხდომის ვარიანტს განიხილავთ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ კომფორტული და რბილი ხალიჩა, რომელზეც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბალიშებს მოაფენთ.
მოერიდეთ მინიმალიზმს
ბოჰემური სტილი და ცარიელი სივრცე ერთმანეთს არ ეთავსება, მისი ფილოსოფიაა -„მეტი ყოველთვის უკეთესია“. თქვენ მაქსიმალისტური დიზაინი გჭირდებათ. ყველაფერი თქვენთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დეკორაციად გამოიყენეთ. ჩვენი სახლი კიდევ უფრო მეტად გვიყვარს, როდესაც ჩვენს გარშემო ჩვენი საყვარელი ნივთებია.
ეს სტილი თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ დეკორაციების მეშვეობით თქვენი და თქვენი ნივთების ისტორია მოყვეთ. ამიტომ, ყველა ნივთს, რომელსაც გამოსაჩენ ადგილას დებთ, უნდა ქონდეს თავისი ადგილი, ისტორია და მიზანი. დიზაინს ხშირად გრძნობები გვკარნახობენ, მაქსიმალისტური დიზაინი კი გრძნობების მაქსიმალურ რაოდენობას აღვივებს ადამიანში.
სარკეები და მეტალები
უფრო თანამედროვე ბოჰემური სტილის შესაქმნელად სარკისებური ზედაპირის მქონე ნივთები და მეტალები შესანიშნავი საშუალებაა. ისინი თქვენს ოთახს უფრო ნათელს გახდიან და სივრცის შეგრძნებასაც შემატებენ. მეტიც, მათი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ოთახში ფოკალური ადგილები გამოყოთ. მოზაიკური სარკეები, ფანრები, მოროკოული დიზაინის სანათები ამ ადგილების გამოყოფაში კიდევ უფრო შეგიწყობენ ხელს და თუ კი თქვენ მათ დაბლა დაკიდებთ, მაშინ ისინი კომფორტსა და ვიზუალურ ინტერესს შემატებენ თქვენს ბოჰემურ სტილს.
ხუთი სტრატეგია
გაითვალისწინეთ ეს ხუთი სტრატეგია და მალე თქვენც თქვენებურ არტისტულ სამოთხედ აქცევთ თქვენს სახლს:
- არ დაიშუროთ ფერები, ფორმები, მასალები და ყურადღება მიაქციეთ განათებას.
- არ იჩქაროთ, იყავით კრეატიულები.
- გამოიყენეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები.
- აირჩიეთ ნივთები, რომლებიც ყურადღებას მიიპყრობენ.
- შემოიყვანეთ ბუნება თქვენს სახლში.
გაითვალისწინეთ, რომ ბოჰემური სტილი ეკლექტურია, თუმცა ის მაინც შეიძლება გლამურული იყოს, ასე რომ არ შეგეშინდეთ არასტანდარტული ელემენტების გამოყენების. ბოჰემური სტილი ინდივიდუალურაბას უსვამს ხაზს და არა მინიმალისტურ პერფექციონიზმს. აქ მხოლოდ ერთი წესია: ოთახში არსებული ყოველი ნივთი თქვენი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს და ყვებოდეს ისტორიას.