საბჭოთა კავშირის ხსენება ყველასთვის სხვადასხვა ასოციაციებს იწვევს. ზოგს მის გაგონებაზე უდარდელი ბავშვობა გაურბენს თვალწინ, ზოგს რეპრესიები, ზოგსაც უბრალოდ წითელ ფონზე დახატული ნამგალი და ურო. ნებისმიერ არქიტექტორს რომ ჰკითხოთ, თუ რასთან ასოცირდება საბჭოთა კავშირი ქართულ არქიტექტურაში, ისინი გიპასუხებენ: „გრანდიოზულობა, არაორდინალური ხედვა და აბსურდის დიდება.” ნუ გაგიკვირდებათ, არქიტექტორების ეს შეფასება ხომ საბჭოთა არქიტექტურის გავლენითაა ჩამოყალიბებული. ექსპერტთა შეფასებით მეოცე საუკუნეში მსოფლიოში აშენებულ შენობებსა და მონუმენტებს შორის, შედევრისა და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს არც თუ ისე ბევრი ობიექტი იმსახურებს, ამ მცირედის უმრავლესობა კი სწორედ საბჭოთა კავშირშია შექმნილი.
რატომ აშენებდნენ ასეთ განსაკუთრებულ შენობებს სსრკ-ს არქიტექტორები?
საკმაოდ ბუნებრივია თუ სტატიის კითხვისას ეს კითხვა გაგიჩნდათ. მართლაც, რატომ უნდა მოენდომებინათ ამდენად არაორდინალური ნაგებობების შექმნა სახელმწიფოში, რომელიც რუტინულობის სიმბოლოდაა ქცეული?
ყველაფერი საბჭოური ამბიციებიდან წამოსული მეგალომანიით აიხსნება.
ყველასათვის ცნობილია, რომ სსრკ-ს მესვეურთა მთავარ მიზანს კომუნიზმის კვალდაკვალ სამყაროში ყველაზე ძლიერი იმპერიის შექმნა წარმოადგენდა.
ამ განდიდების მანიის საუკეთესოდ გამოხატვას კი ისინი გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობების შექმნით ახერხებდნენ.
მთელი იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქუჩაში გამოსვლისას ყველა რიგით მოქალაქეს გასჩენოდა იმის ილუზია, რომ დიდებული მომავლისაკენ მიმავალ სახელმწიფოში ცხოვრობდა.
საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშებს შორის შედევრის სტატუსს ასობით მათგანი იმსახურებს. მათ შორის გამოვარჩიეთ საქართველოში მდებარე 4 შენობა და მონუმენტი, რომლებიც დღემდე აოცებს მნახველს თავისი დიდებულებით.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ რჩეულ ოთხეულს:
ყოფილი გზების სამინისტროს შენობა
ცოტამ თუ იცის, რომ მიუხედავად მოდერნული დიზაინისა, დღევანდელი საქართველოს ბანკის სათაო ოფისის მშენებლობა ჯერ კიდევ 1974 წელს დასრულდა.
ორიგინალური შენობის არქიტექტორები გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღონია არიან.
ის თავდაპირველად უბრალოდ გზების სამინისტროს შენობას წარმოადგენდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.
შენობას 2007 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღემდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ნაგებობად რჩება.
Space City-ს სტილში შესრულებული ყოფილი გზების სამინისტროს შენობა არა ერთმა დასავლურმა გამოცემამ აღიარა მე-20 საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად, რასაც რთულია არ დაეთანხმო.
ერთმანეთში ასიმეტრიულად ჩამჯდარი სართულები „ლეგოს“ მოგვაგონებს, შენობის მიუდგომელი ლოკაცია კი ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს რომ ეს კუბების გროვა სულაც ჰაერშია გამოკიდებული.
საქართველო-რუსეთის მეგობრობის მონუმენტი
თუკი გუდაურში ან ყაზბეგში ერთხელ მაინც ყოფილხართ, გზად აუცილებლად შეამჩნევდით უზარმაზარ ფერად ნაგებობას, რომელსაც ნახევარწრის ფორმა აქვს და გარშემო მოაჯირი არტყია, საიდანაც თვალისმომჭრელი ხედი იშლება კავკასიონის მთებზე.
შეიძლება მონუმენტის ფერადი მოზაიკის ფონზე არა ერთხელ გიპოზიორიათ, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ რას ემსახურებოდა თავის დროზე ეს ჭრელი კონსტრუქცია.
ნაგებობა 1983 წელს აიგო, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
მონუმენტის ავტორი, ისევე როგორც გზების სამინისტროსი, არქიტექტორი გიორგი ჩახავაა.
მასზე გამოსახული მოზაიკა საქართველო-რუსეთის „მეგობრული“ ურთიერთობების შესახებ გვიყვება – ტრაქტატის დადებიდან მოყოლებული, მისი აგების მომენტამდე.
გამოფენა
თბილისის გეოგრაფიული ცენტრის, დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად წერთლისა და სამტრედიის ქუჩების კვეთასთან, ყველასათვის „გამოფენად“ ცნობილი ექსპო ჯორჯია მდებარეობს.
ეს ობიექტი ერთი დამოუკიდებელი მონუმენტი ან შენობა არ გეგონოთ – ჩვენ საბჭოთა არქიტექტურული დიდებულების მთელ კასკადზე ვსაუბრობთ!
„გამოფენა“ ფუნქციითაც ამართლებს სახელს – ის ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და 11 საგამოფენო პავილიონს აერთიანებს. საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად აქ ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა მოეწყო.
ეტაპობრივად ტერიტორიაზე განთავსდა სათბური, ხელოვნური ტბა და პარკი. სიმწვანეში ჩაფლულ „გამოფენას“ საბჭოთა არქიტექტურის ათობით შედევრი ამშვენებს.
მათ შორის გამორჩეულია მთავარი საგამოფენო პავილიონი, რომლსაც უზარმაზარი, სწორედ საბჭოური მეგალომანიისთვის ზედგამოჭრილი თაღი ამშვენებს.
ტერიტორია დღემდე აქტუალურ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს – აქ ხშირად შეხვდებით მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს, ხეებს შორის მორბენალ ბავშვებსა და გაზონზე მოკალათებულ ოჯახებს, რომლებიც თბილ საღამოებს „გამოფენის“ ზღაპრულ ატმოსფეროში ატარებენ.
რიტუალების სასახლე
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიაში არა ერთხელ აღვნიშნეთ საბჭოური არქიტექტურის ღირებულება, ისიც უნდა ვთქვათ რომ მასაც ჰქონდა სტაგნაციის პერიოდი. ეს განსაკუთრებით ბრეჟნევის მმართველობისას ე.წ. „უძრაობის ხანაში“ გამოჩნდა.
ამ დროს უმეტესად ერთფეროვან, გეგმაზომიერ ნაგებობებს აშენებდნენ. თუმცა არქიტექტურული შედევრების გარეშე არც ბრეჟნევის პერიოდს ჩაუვლია.
მათ შორის გამორჩეულია ყველასათვის ქორწინების სახლად ცნობილი სადღესასწაულო რიტუალების სასახლე თბილისში, რომელიც 1979 წელს დააპროექტა არიქიტექტორმა ვიქტორ ჯორბენაძემ. ამ უკანასკნელმა საბჭოთა დოგმატიზმს მთლიანად შეაქცია ზურგი რიტუალების სასახლის ინტერიერისა თუ ექსტერიერის სახით.
შენობის მასშტაბები და ღირებულება თანამედროვეთა დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გამხდარა. მაშინდელი საზოგადოებისთვის სრულ შოკს წარმოადგენდა ისიც, რომ სასახლე ქრისტიანული ტაძრის ფორმას იმეორებდა, ხოლო ინტერიერი ფრესკებით გახლდათ გაფორმებული.
ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი?“
საბჭოთა არქიტექტურა ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ახლა უკვე გასაგებია თუ რასთან ასოცირდება საბჭოთა კავშირი ქართულ არქიტექტურაში.
სტაგნაციასთან, რუტინასთან და ტოტალიტარიზმთან ასოცირებულმა 70 წლიანმა იმპერიამ საქართველოს ორიგინალური ნაგებობები დაუტოვა, რომლებიც დღემდე აოცებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მნახველებs.
წინა ბლოგი – მინიმალიზმის ზოგადი მახასიათებლები ინტერიერში