მორჩა, გაშიშვლდა თბილისი, უმოწყალოდ ჩამოყარა ქარმა ფოთლები ძირს, შემოდგომამ გაიდგა ფესვები და სიცივისგან მობუზული ადამიანები გაფანტა თბილისის ქუჩებში – ხეტიალი შემოდგომის თბილისში

რა იქნებოდა შემოდგომა რომ არ მიდიოდეს, თბილისი რომ სულ მოფენილი იყოს ყვითელი ფოთლებით, მაშინ ხომ  უფრო ლამაზი იქნებოდა  ჩვენი ქალაქი. უკვე ნოემბერია, ჩვენ სიცივისგან მობუზულები ყოველდღე ვბოდიალობთ უცნაურ ადგილებში, ხეებზე შერჩენილი ფოთლები ჩამოცვენის მოლოდინში თბილისურ რიტმს ჰყვებიან, შემოდგომა ნელ-ნელა დატოვებს თბილისს.

დასხედით,  დაფიქრდით, დაგეგმეთ, თუ ოდესმე დრო გამოგიჩნდებათ, მზად იყავით, ჩაიწერეთ ეს ადგილები, მოინიშნეთ  ქუჩები და წადით, იბოდიალეთ, შემოდგომის თბილისი  ხომ ღვთაებრივად ლამაზია.

თბლისის დათვალიერება ნარიყალას ციხით დაიწყეთ

ნარიყალა მტკვარს და მთელ თბილისს გადაჰყურებს. ის ერთ-ერთი უძველესი დროის ციხესიმაგრეა და მასთან ახლოს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დგას.

ციხე პირველად მე-14 საუკუნეში ისტორიულ წყაროებში ჩნდება და მე-17 საუკუნეში აღმაშენებლის ეპოქას ნარიყალას გაფართოებაც მოჰყვება. დააკვირდით, ამდენი საუკუნის შემდეგ, როგორ მყარად დგას ის  თბილისის თავზე.

როგორი განსხვავებული და ნაწილობრივ უხეშია მე-17 საუკუნის არქიტქტურა, ციხეს დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა და ისიც მტრის შესაშინებლად უზარმაზარი იყო. ნარიყალას სიდიადე დაცულობის განცდას ქმნის, ამხელა არიტექტურის შედევრს თავისი ფუნქცია ნამდვილად შეთვისებული ჰქონდა.

სანამ ძველ თბილისში ვტრიალებთ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საგულდაგულოდ ვათვალიერებთ, ჭრელი აბანოები მოვინახულოთ

თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა და ისტორიის საწყისი, ხომ გახსოვთ, მაშინ ხოხობმაც აქ ცხელ წყალში განუტევა სული.

აბანოებს ოდითგანვე მეფეები სტუმრობდნენ, დღესაც ცნობილი და აქტიური ტურისტული ობიექტია, სასარგებლო მინერალებით სავსე ბუნებრივი გოგირდის ცივი და თბილი წყლები, თბილისი ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია.

საოცარი ფერებით, მოზაიკური სტილის არქიტექტურით და გამორჩეული დიზაინით განსხვავდება ეს ადგილი სხვა ქუჩებისგან, სახლებს, დიზაინებსა და არქიტექტურას სელჩუკთა მცირე  კვალი მაინც ეტყობა, აბანოები ზოგადი სტილითა და  პატარა შტრიხებით თურქულ არქიტექტურას წააგავს.

ხედავთ, კედელზე ხოხობს? დიახ სადღაც აქ გადაიფრინა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში.

საქართველოს კულტურის გაცნობა თბილისიდან გაუსვლელად, სეირნობ-სეირნობაში შეიძლება, სიღრმისეულად ვერა, თუმცა ბოდიალის კვალობაზე საკმაოდ კარგად გავიცნობთ. კუს ტბისკენ აისეირნეთ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეიარეთ

დამიჯერეთ, მოგეწონებათ, ყველგან კი ვერ ნახავთ 12 მხარის კულტურას ერთ ტრიალ მინდორზე. აი მაშინ მიხვდებით, თუ როგორ შეიძლება ერთ ქვეყანაში ამდენი განსხვავებული სახლი, არქიტექტურის სტილი, კულტურული ღირებულებები და წესები არსებობდეს. ხომ პატარაა საქართველო, მაგრამ მრავალფეროვნებას არ უჩივის.

ეს სახლები პატარა ფეხეზე და ღია აივნებით, წმინდად დასავლური კულტურის ნიშნებია.

ცოტა აცივდა,  აქ შევჩერდეთ, თქვენ თუ ისევ სეირნობის ხასიათზე ხართ შარდენზე ჩადით, სოლოლაკი მოინახულეთ, ოპერის საოცარი შენობა დაათვალიერეთ და ქაშვეთის ეკლესიის უკვდავი არქიტექტურა შეაფასეთ

თავისუფლების მოედანზეც გაისეირნეთ და ძველი პარლამენტის შენობასთან შეჩერდით, დააკვირდით ამდენი უბედურების, მიტინგისა და დარბევის შემდეგ როგორც ადრე, ისევ ისე გამოიყურება, ისევ ისე ალამაზებს თბილისს.

უკვე ნოემბერი იწურება, ცივა და  სიცივისგან დაცარიელებული ქუჩები მოუთმენლად ელოდებიან თოვლს. სულ ვამბობ რომ უპირობოდ, უანგაროდ მიყვარს თბილისი, შერეული კულტურის, ტურისტების, ურთიერთობისა და ბოდიალის ქალაქი.

Facebook