ალბათ, ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ ისეთ სასტუმროში, თქვენს გვერდზე მობინადრის ყველა ნაბიჯი რომ გცოდნიათ. ისიც გაგონილი გექნებათ (თუ საკუთარ თავზე გამოცდილი არა) თბილისის ახალაშენებული კორპუსები ხმას რომ ზედმეტად ატარებენ გიბსოკარდონის კედლების დამსახურებით. ეს ყველაფერი იზოლაციის პრობლემაა, რასაც, სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს მშენებლობის პერიოდში – ზოგი უცოდინრობისა და გამოუცდელობის, ზოგი კი უბრალოდ ფინანსების დაზოგვის გამო.

შენობებში ხმის იზოლაციის მნიშვნელობასა და მეთოდებზე შოუ ტექნიკის ცენტრს” გავესაუბრეთ და ვინაიდან ეს მათი ერთ-ერთი სპეციალობაა, საკმაოდ ბევრი და საინტერესო ინფორმაციაც მივიღეთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში ხმის იზოლაციას არც თუ ისე ბევრი კომპანია აქცევს ყურადღებას და აკუსტიკასა და განათებასთან შედარებით, ამ სერვისზე მოთხოვნა ნაკლებია.

“ეს საქართველოში ჯერ კიდევ ახალია, ბაზარი არ არის ჯერ მომწიფებული და ამიტომ მოთხოვნაც ნაკლებია“ – ამბობს პროექტ მენეჯერი – ბატონი დავით ცხვარაძე.

როგორ ხდება ხმის იზოლაცია

ხმის იზოლაცია გულისხმობს ხმოვანი ბგერების სიმძლავრის ნებისმიერი გზით შემცირებას. ამისათვის რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი არსებობს:

  • წყაროსა და მიმღებს შორის მანძილის გაზრდა;
  • ხმის ბარიერების გამოყენება მისი ტალღების ენერგიის ასარეკლად ან შთანსათქმელად;
  • ისეთი ხმის ჩამხშობი მატერიალების გამოყენება, როგორიცაა დეფლექტორი;
  • ხმაურის საწინააღმდეგო ხმის გენერატორების გამოყენება.

საიზოლაციო საშუალებები კედლებში, ჭერში და/ან იატაკში მონტაჟდება. სწორედ ამიტომ ბევრად სასურველია, თუ ამ საქმის პროფესიონალები მშენებლობის პერიოდში ჩაერთვებიან. თავის ტკივილთან ერთად ეს დამკვეთს უაზრო ხარჯებსაც აარიდებს.

„იატაკი სენდვიჩივით უნდა იყოს – საიზოლაციო საშუალება იატაკის ორ ფენას შორის უნდა მოექცეს.“ – ამბობს ტექნიკური დირექტორი – ბატონი ვალერ ხომერიკი.

სიმძიმის გამო ყველაზე კარგი ხმის იზოლატორი ტყვიაა, მაგრამ მას ამისათვის თითქმის აღარ იყენებენ, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედების გამო.

როგორ ამოწმებენ ობიექტს

სანამ მონტაჟზე გადავლენ, საჭიროა ობიექტის შემოწმება სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით. ყურადღება ექცევა კედლების სისქესაც. თუ აკუსტიკის შემოწმებისას ასაფეთქებელს ხმარობენ, რომელიც ერთბაშად უშვებს ბგერებს, ამ შემთხვევაში ხმის უწყვეტ წყაროს იყენებენ, რასაც კალიბრებული ხმაური ეწოდება. ამ გზით ისინი ზომავენ, ატარებს თუ არა ობიექტი ხმაურს და თუ ატარებს, რამდენად.

ვინაიდან ხმა ტალღისებურად ვრცელდება, ერთი შეცდომა ან კედლებში ჩაშენებული მილის უგულებელყოფაც საკმარისია, რათა იზოლირება წარუმატებელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა ხდება მთლიანი ობიექტის კედლებში. საქართველოში ეს ხშირად პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძველი აშენებული ობიექტების ხელით შესრულებული ნახაზებიც კი არ მოიპოვება.

როგორ გაზიანებთ ხმაურის დაბინძურება – ანუ რატომ არის ხმის იზოლაცია მნიშვნელოვანი

ქალაქში მცხოვრებთა რიცხვი რაც უფრო იზრდება, მით უფრო და უფრო იმატებს ხმაურის დაბინძურებაც. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში შემაწუხებელი მაინც არის, მაგრამ რამდენიმე კვლევამ ჩვენა, რომ ის ჯანმრთელობასაც აზიანებს. მოდით ვნახოთ როგორ გვაზიანებს ის.

ძილის დაფრთხობა

ბუნებრივია, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ ხმაურში დაძინება ცოტას თუ გამოსდის. კვლევების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ხმაურის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, უფრო ხშირად იღვიძებენ ღამე და კიდევ უფრო ხშირად ეცვლებათ ძილის სტადიები.

ყველამ ვიცით, რომ ძილის უკმარისობას ენერგიის ნაკლებობა, უხასიათობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა მრავალი უარყოფითი რამ მოჰყვება. ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ კიდევ შეიძლება ბევრად რთული პრობლემები გამოიწვიოს.

სისხლის მაღალი წნევა

ხმაურმა შესაძლოა გულის აჩქარება და სისხლის წნევის აწევა გამოიწვიოს, ეს კი ნამდვილად არაა სახუმარო. ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად ხმაურის ქვეშ არიან, ჩვეულებრივ უფრო მაღალი სისხლის წნევა აქვთ და გულის დაავადების რისკი სხვებზე მაღალი.

ნაყოფიერება

დანიაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ქალებს, რომლებიც მუდმივად ხმაურში ცხოვრობენ, მეტად უჭირთ დაორსულება. რაც უფრო ხმაურიანი იყო გარემოცვა, მით უფრო დიდი ხანი სჭირდებოდა ქალს, რომ დაორსულებულიყო.

ნაყოფიერებაზე ასეთი გავლენა, შესაძლოა ხმაურით გამოწვეული უძილობის შედეგი იყოს.

მენტალური პრობლემები

კვლევები ხმაურის ადამიანების გონებაზე გავლენის შესახებ არაერთგვაროვანია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მას ნეგატიური ეფექტი აქვს, ზოგიერთი კი, რომ საერთოდ არანაირი. მაგალითად, იაპონური კვლევის მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც აეროპორტთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო ხშირი იყო დეპრესიულობა და ნერვოტულობა. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ მუდმივი ხმაური ნერვოზის განვითარებას უწყობს ხელს.

სწავლის უნარი

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ქრონიკულად ხმაურში ყოფნა, იქნება ეს მშენებლობის ხმაური, მანქანების თუ მატარებლის, ბავშვებს სწავლის უნარს უქვეითებს. როდესაც ისინი მუდამ ხმაურში არიან, მათ უჭირთ ამა თუ იმ საქმეზე კონცენტრაცია და მეხსიერება უზიანდებათ.